1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“
ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.
შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.
1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .
1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
No comments:
Post a Comment